საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 7.4 მლნ დოლარის ღირებულების 3 597 ტონა პოლიეთილენის პარკები შემოვიდა. იმპორტის მოცულობა წლიურად 18%-ითაა გაზრდილი.
საქმე ისაა, რომ 2019 წლის ივლისიდან, საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია. კანონის მიხედვით, იმპორტის კონტროლს საზღვარზე შემოსავლების სამსახური, საწარმოებში გარემოს დაცვის სამინისტრო, სავაჭრო ობიექტებში კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. ამასთან, 2023 წლის 2 იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკებიც აიკრძალა. რეგულაციის მიუხედავად, აღსრულების კონტროლი დღემდე გამოწვევაა და პროდუქტი მარკეტებში თუ აგრარულ ბაზრობებზე კვლავ იყიდება.
ამასთან, დაანონსდა, რომ აპრილიდან სახელმწიფო პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესაბამისობის მონიტორინგს იწყებს. უკვე ხელმისაწვდომია შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებიც.
რაც შეეხება იმპორტის დინამიკას, ის წლიდან წლამდე მზარდია. საქსტატის მონაცემებით, პოლიეთილენის ან პოლიპროპილენის საფუთავი ტომრების და პაკეტების იმპორტის მაჩვენებლები წლების მიხედვით ასეთია:
- 2019 წელი – $4.2 მლნ/1950 ტონა
- 2020 წელი – $3.5 მლნ/1733 ტონა
- 2021 წელი – $4.5 მლნ/2074 ტონა
- 2022 წელი – $5.5 მლნ/2549 ტონა
- 2023 წელი – $6.2 მლნ/3046 ტონა
- 2024 წელი – $7.4 მლნ/3597 ტონა
2024 წლის მონაცემებით, პროდუქტი ყველაზე დიდი ოდენობით ირანიდან (2 382 ტონა), თურქეთიდან (481 ტონა), ინდოეთიდან (299 ტონა), აზერბაიჯანიდან (204 ტონა) და ჩინეთიდან (126 ტონა) შემოვიდა.