პროკურატურა ნიკა გვარამიას ოჯახს უთვალთვალებდა — მთავარი არხი

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

1,045წაკითხვა67გაზიარება

მთავარი არხის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას ოჯახს პროკურატურა უთვალთვალებს. არხმა პროკურატურის მიერ წარდგენილი ვიდეომტკიცებულება გაასაჯაროვა, რომელშიც ასახულია, გვარამიას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი მანქანით როგორ გადაადგილდებოდნენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეო აგვისტოს თვით თარიღდება. გვარამიას ოჯახის თვალთვალთან დაკავშირებით კი პროკურატურას სასამართლო განჩინება აგვისტოდან ოქტომბრამდე ჰქონდა აღებული.

როგორც პროკურატურაში On.ge-ს უთხრეს, ეს არ არის გვარამიას ოჯახზე თვალთვალის ვიდეო. მათივე მტკიცებით, ეს გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ სადაო ავტომობილით ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა.

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ვიდეოთვალთვალის განხორციელება საჭირო არ იყო. მანქანაზე ინფორმაციას კი გამოკითხვითაც მიიღებდნენ:

“ამ მასალას არავითარი სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა არის მტკიცებულება იმის, რასაც ადრე ვამბობდით, რომ ხორციელდებოდა თვალთვალი, მათ შორის ოჯახის წევრებზე”.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის თებერვალში ნიკა გვარამიამ პორშეს ცენტრში შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი Porche Macan S და კომპანიის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაუშვებდა მათი ბრენდის სარეკლამო რგოლებს. მათივე თქმით, შეთანხმება შედგა ნიკა გვარამიამ მიიღო ავტომობილი, თუმცა ავტომობილი გააფორმა შპს პროესკო მედიას სახელზე.

2019 წლის 1 ნოემბერს გამოძიების ფარგლებში გამოტანილი დადგენილების მიხედვით, ნიკა გვარამიას დამატებით ბრალი ედება საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურაში გამოძიება დაიწყო რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი აქვს წარდგენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების მიზნით და გამოყენების საქმეზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.