სიღნაღის პოლიციაში მოქალაქის ცემაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

ფოტოზე ვლადიმერ მჭედლიშვილი

ფოტოზე ვლადიმერ მჭედლიშვილი

სიღნაღის პოლიციაში ვლადიმერ მჭედლიშვილის ცემის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელს წარადგენენ. მჭედლიშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) იცავს.

EMC წარდგენილ საჩივარში დავობს სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებაზე და ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების დარღვევაზე.

საქმე ეხება 2017 წლის 15 მაისს, სიღნაღში, პოლიციის მიერ ვლადიმერ მჭედლიშვილის ადმინისტრაციულ დაკავებასა და პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეპიზოდს. საქმეზე გამოძიებას პროკურატურა ერთ წელზე მეტია არაეფექტიანად და უშედეგოდ აწარმოებს. ვლადიმერ მჭედლიშვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლუდის დალევის გამო ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა, რის შემდეგაც იგი პოლიციამ დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის და გადაიყვანა ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში. ვლადიმერ მჭედლიშვილის განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში იგი გახდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი, რის შედეგადაც მიიღო ნეკნების მოტეხილობა და მრავლობითი დაზიანებები სახისა და ფერდის არეში.

„საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ახსნა-განმარტებები, დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი ვიზუალური დათვალიერების ოქმი, სამედიცინო შემოწმების დასკვნები და ინციდენტის ადგილის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო-ჩანაწერები, მიუთითებს ვლადიმერ მჭედლიშვილის მიერ დაზიანებების მიღებაზე, პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ ყოფნისას. აღნიშნული პრეზუმფციის გასაქარწყებლად საქმეში მოიპოვება მხოლოდ ინციდენტში მონაწილე პოლიციელის ჩვენებები. ასეთ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ტვირთი წარმოადგინოს დამაჯერებელი განმარტება დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, გამოძიება ამ დრომდე არაეფექტურად მიმდინარეობს“, – აცხადებს EMC.

პოლიციელს, რომელმაც ვლადიმერ მჭედლიშვილს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა, ბრალი არ წაყენებია და პოლიციის სისტემაში მუშაობას აგრძელებს.

მოსარჩელეთა განცხადებით, გამოძიების პროცესში გამოვლინდა არსებითი ხასიათის ხარვეზები.

„გამოძიების საწყის ეტაპზე, ვლადიმერ მჭედლიშვილს თვითნებურად ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის საფუძველზეც მას მოგვიანებით მიენიჭა სტატუსი. სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მტკიცებულებები. პრობლემურია სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ პოლიციის მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მაშინ, როდესაც არსებობს სპეციალური ნორმა დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობასთან მიმართებით, რომელიც უფრო მკაცრ სანქციას ითვალისწინებს“, – აცხადებენ EMC-ში.

წარდგენილ საჩივარში EMC ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსგან ითხოვს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტისა და მიმდინარე გამოძიების შეფასებას კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებთან მიმართებით.