ამერიკულმა Apple-მა ახალი თაობის ბიუჯეტური სმარტფონი, iPhone 16e წარმოადგინა, რომლის ფასი $599-დან იწყება. ახალი სმარტფონი $170-ით უფრო ძვირია, ვიდრე მესამე თაობის iPhone SE — ბიუჯეტური მოდელი, რომელიც Apple-მა 2022 წელს წარმოადგინა. შედეგად, Apple-ის სმარტფონების ჩამონათვალი მეტად მრავალფეროვანი გახდა, რომელსაც, წელს, ტრადიციულ მოდელების გარდა, სავარაუდოდ კიდევ ერთი, თხელი პროფილის მქონე სმარტფონი შეემატება.
ახალი iPhone 16e-ში ვეღარ შეხვდებით Apple-ის ლეგენდარულ ღილაკს, რომელიც, ამიერიდან, საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. ღილაკის ნაცვლად, სმარტფონი 6.1-დიუმიანი ეკრანით და Face ID-ითაა აღჭურვილი. ტელეფონის უკანა მხარეს 48-მეგაპიქსელიან კამერას ვხვდებით, ხოლო შიგნით — iPhone 16-ში გამოყენებულ A18-ტიპის პროცესორს, რომელსაც AI ფუნქციონალის მხარდაჭერა აქვს. თავად სმარტფონი USB-C-ტიპის პორტითაა აღჭურვილი. ამასთან, ახალ iPhone-ში პირველად გამოჩნდა Apple-ის წარმოების ფიჭური მოდემი, რომლითაც კომპანიამ Qualcomm-ის წარმოება ჩაანაცვლა.
ბოლო წლებში, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ბევრი რამ შეიცვალა და ეს ახალ iPhone-ზე და Apple-ის სტრატეგიაზე აისახა. ახალი ბიუჯეტური სმარტფონის გამოშვებით კომპანიაში გაყიდვების გაზრდა სურთ, რადგან 2024 წლის ბოლო კვარტალში iPhone-ების გაყიდვებმა 1%-ით იკლო. ფრიად ნეგატიური იყო გამოხმაურება Apple Intelligence-თან მიმართებითაც, რომელიც კონკურენტების მიერ შეთავაზებულ ამავე ტიპის პროდუქტს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
განსაკუთრებით ცუდი შედეგები Apple-მა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უდიდეს და უმთავრეს ბაზარზე, ჩინეთში დააფიქსირა. გასული წლის ბოლო კვარტალში, აზიურ სახელმწიფოში Apple-ის ჯამურმა გაყიდვებმა 11%-ით იკლო, რადგან ჩინელები ადგილობრივი წარმოების ელექტრონიკაზე, მათ შორის Huawei-ის და Xiaomi-ის პროდუქტებზე გადადიან. ახალი iPhone-ებით ამერიკულ კომპანიას გლობალური ბაზრის იმ სეგმენტის ათვისება სურს, რომელიც ბიუჯეტურ სმარტფონებს ითხოვს. ამ ტიპის მომხმარებელს, უმეტესწილად, განვითარებად სახელმწიფოებში ვხვდებით.
Apple-მა საინტერესო მიზანი დაისახა, მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უახლესი ბიუჯეტური სმარტფონი, შესაძლოა, არასაკმარისად ბიუჯეტურად ჩაითვალოს, რადგან Apple-ის მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი ბევრი ფუნქციონალი iPhone 16e-ში არ არის ხელმისაწვდომი. ახალ iPhone-ში ვერ ვხვდებით ვერც “დინამიკურ კუნძულს” და ვერც მაგნიტური დამუხტვის ველს; ახალ სმარტფონს მხოლოდ ერთი კამერა აქვს, ხოლო ეკრანი ჯერ კიდევ 60-ჰერციანია, რაც ინდუსტრიის სტანდარტზე გაცილებით დაბალი მაჩვენებელია, რომელიც Apple-ის ენთუზიასტებში აღშფოთებას იწვევს.