პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“ -ში ისაუბრა „ფარსთან“ და იმ ახალ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში პარლამენტში დაინიციირდა „ქართული ოცნების“ მიერ.
„ეს ინიციატივები, როგორც აღინიშნა, არის პასუხი იმ რეალობაზე, რომელიც არის შექმნილი საქართველოსთან მიმართებით, თუ ზოგადად მსოფლიოში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით. რომ დავაკვირდეთ, აქ არის სექტორული მიმართულებები ჩაშლილი, ეს იქნება გამჭვირვალობა, ეს იქნება ეგრეთ წოდებული fake news-ების საკითხი, თუ ზოგადად სიძულვილის ენის ტირაჟირება, რაც ასევე ერთ-ერთი გამოწვევა არის საზოგადოებაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სამშობლოს ღალატის მუხლთან დაკავშირებით, რომელიც უკიდურესად საეჭვო ვითარებაში, 2007 წელს იყო კანონმდებლობიდან ამოღებული და მე არ მოვერიდები თქმას, ამოღებული სწორედ იმ აქტორების მხრიდან, რომელთაც ჩვენ უსამშობლო ადამიანებს ვუწოდებთ. ეს ქმედება, რაც მათ ჩაიდინეს 2007 წელს, როცა სისხლის სამართლის კოდექსიდან შესაბამისი მუხლი ამოიღეს, მაშინ სახელმწიფო ღალატი ერქვა, სხვას არაფერს ადასტურებს, თუ არა მათ მოღალატეობრივ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.
ეს იყო ხელწერა 2003-2012 წლების პოლიტიკური რეჟიმის, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის, როდესაც ისინი სამართლებრივად, იდეოლოგიურად, გარკვეული სიმბოლოების დონეზეც კი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეროვნული მუხტი ყოფილიყო მაქსიმალურად დაკნინებული საქართველოში, რაც რა თქმა უნდა, უკვე არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ შემოვაბრუნოთ. თქვენ ხედავთ რომ საქართველოს ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს სამომავლოდაც“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
თორნიკე ჭეიშვილმა მიმდინარე პროტესტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ასეული ადამიანის ნებაზე ვერ იქნება სახელმწიფოში პროცესები მიშვებული.
„აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ვინც არის სამშობლოს წინაშე პირნათელი, მე მგონი მას არაფერი აქვს სანერვიულო, მათ შორის სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან და დაბრუნებასთან მიმართებით სისხლის სამართლის კოდექსში. რაც შეეხება ამ რადიკალური ჯგუფების პროტესტს, ყველა ვხედავთ იმას, რომ აქ რამდენიმე ასეულ ადამიანზეა ლაპარაკი, რომელთაც ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ვიწრო მერკანტილური მოტივები შეიძლება ამოძრავებდეთ. ბუნებრივია, რამდენიმე ასეული ადამიანის ნებაზე ვერ იქნება სახელმწიფოში პროცესები მიშვებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ეროვნული კურსი აღებული, რომელსაც ბუნებრივია, ვუერთგულებთ ბოლომდე და ვერავითარი დესტრუქციული ძალები ამას ხელს ვერ შეუშლიან“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.