კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის) ბაზარზე მონიტორინგის პროცესს აგრძელებს. სააგენტოს შესწავლის ერთ-ერთ მთავარ საგანს ის პირობები წარმოადგენს, რომლითაც დისტრიბუტორები და მიმწოდებლები პროდუქციას სავაჭრო ქსელებში ათავსებენ.

როგორც BMG-ის კონკურენციის სააგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპზე ბაზარზე დიმინანტი კომპანია არ არსებობს. თუმცა იკვეთება ტენდენცია, რომ წლიდან წლამდე სავაჭრო ქსელების მიერ მიმწოდებლებისთვის დაკისრებული ხარჯები მზარდია.

სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მონიტორინგი აჩვენებს, რომ 2024 წელს 2021 წელთან შედარებით რიგ შემთხვევაში, ისეთი გადასახადები როგორიცაა მაგალითად, მაღაზიაში შესვლის გადასახადი, ე.წ. რეტრო ბონუსი, „ქეშბექი“, გაორმაგებულია.

„2024 წელი FMCG ბაზარზე შეგვიძლია გამოვყოთ კონცენტრაციების მიმართულებით, იქიდან გამომდინარე, რომ ექვსამდე კონცენტრაცია დაფიქსირდა. ბაზარი მსხვილდება და ეს ბუნებრივი პროცესია. ამ ეტაპზე სავაჭრო ქსელებში დომინანტი კომპანია არ იკვეთება და ბაზრის 40%-იანი წილი არცერთ კომპანიას არ აქვს. თუმცა მიუხედავად დომინანტური მდგომარეობის არარსებობისა, ბაზარზე მაინც არსებობენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიები. რიგ შემთხვევაში, დისტრიბუტორი კომპანიების მიერ გამოთქმული წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რითეილისგან ქსელებში შესვლასთან დაკავშირებით არის დამატებითი გადასახადები, ე.წ ქეშბექები, რეტრო ბონუსები, ეს მართლაც წარმოადგენს პრობლემას და შეგვიძლია პრობლემად განვიხილოთ. ამგვარი გადასახადები ბოლო წლების განმავლობაში მზარდია, რაც საბოლოოდ დისტრიბუციის ფასზე და ასევე საცალო ფასზეც აისახება, შესაბამისად, მოსახლეობისთვის პროდუქცია ეტაპობრივად ძვირდება. მაგალითად, 2024 წელს 2021 წელთან შედარებით რიგ შემთხვევაში, რიგი გადასახადები ისეთი როგორიცაა შესვლის გადასახადი, ე.წ. რეტრო ბონუსი, „ქეშბექი“ გაორმაგებულია. FMCG ბაზარზე პროდუქციის იმპორტიდან, წარმოებიდან საცალო მომხმარებლამდე მიტანის ჯაჭვი პროდუქციას დაახლოებით 100-150%-ით, რიგ შემთხვევაში მეტითაც აძვირებს“, – განაცხადა გიორგი ქედელიძემ.

კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე FMCG ბაზარზე მონიტორინგი 2025 წლის დასაწყისის პერიოდზე მიმდინარეობს. რაც შეეხება საკითხს, საჭიროებს თუ არა მიმწოდებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობები დამატებით რეგულირებას, სააგენტოში ამბობენ, რომ ეს საბოლოოდ მონიტორინგის შედეგებმა უნდა გამოკვეთოს.

„ამ ეტაპზე 2025 წლის დასაწყისის პერიოდს ვაკვირდებით, რადგან ამ პერიოდში ახლდება რითეილ სექტორსა და მიმწოდებლებს შორის ხელშეკრულებები. მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ ტენდენცია, ფიქსირდება თუ არა გადასახადების ზრდა მიმდინარე წელსაც. შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებას მალე ვაპირებთ, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში. დამატებით რეგულაციებზე ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი. პირველ რიგში, საჭიროა პრობლემის და გამოწვევის ზუსტი იდენტიფიცირება. ჩვენ შეგვიძლია გავცეთ შესაბამისი რეკომენდაციები დამატებითი რეგულაციის შესახებ, თუ ასეთის არსებობის საჭიროებას დაინახავს სააგენტო მონიტორინგის შედეგად“, – აღნიშნა გიორგი ქედელიძემ.