მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის, Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი ყველაზე კონკურენტული სფეროა, მაგრამ სექტორის განვითარების სისწრაფეს სწორედ ეს კონკურენცია განაპირობებს. მილიარდერის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის შესაძლებლობებს ბევრ სფეროში გადააჭარბებს, მაგრამ ის ვერასდროს გახდება ადამიანური, რის გამოც, ადამიანები მომავალშიც ადამიანურ ურთიერთქმედებას ამჯობინებენ.
“ხელოვნური ინტელექტი საბოლოოდ ბევრ სფეროში გადააჭარბებს ადამიანის შესაძლებლობებს—იქნება ეს სამედიცინო დიაგნოსტიკა თუ საწარმოო პროცესები. მაგრამ მას არასდროს ექნება ადამიანური გრძნობები, ემოციები ან ცნობიერება. ადამიანები მაინც ყოველთვის ადამიანურ ურთიერთქმედებას ამჯობინებენ.
ეს არის ყველაზე კონკურენტული სფერო, რაც კი ოდესმე მინახავს. არიან დამოუკიდებელი კომპანიები, მაგალითად xAI, რომელსაც თავად მასკი ხელმძღვანელობს, ასევე Anthropic და, რა თქმა უნდა, გიგანტები—Google და Microsoft—რომლებიც ასობით მილიარდ დოლარს აბანდებენ ხელოვნურ ინტელექტში. ეს დაუჯერებელი სისწრაფე სწორედ ინტენსიური კონკურენციითაა მართული”, — განაცხადა ბილ გეიტსმა ჟურნალისტ უოლტერ აიზეკსონთან ინტერვიუში, რომელიც PBS-ზე გავიდა.
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ინტერვიუში იმ ტენდენციასაც გაუსვა ხაზი, რომელიც, ბოლო პერიოდში, მსოფლიოში შეინიშნება. საუბარია ტექნოლოგიურ კომპანიებზე და მათ ხელმძღვანელებზე, რომლებიც ღიად აფიქსირებენ პოლიტიკურ პოზიციას და კანდიდატებს მხარსაც კი უჭერენ. ბილ გეიტსი ამბობს, რომ ადრე, ვითარება განსხვავებული იყო.
“ტექნოლოგიურ კომპანიებს წარმოუდგენელი მოგება აქვთ—დღეს ისინი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიები არიან. ბუნებრივია, მთავრობებს სურთ მათი რეგულირება—იქნება ეს ანტიმონოპოლიური კანონებით, AI-ის პოლიტიკით თუ სახელმწიფო შესყიდვებით. განსხვავებით იმ დროისგან, როცა მე მიმაჩნდა, რომ Microsoft-ს ვაშინგტონში ყოფნა არ სჭირდებოდა, ახლა ტექნოლოგიური ლიდერები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი მთავრობის ურთიერთობებში”, — განაცხადა ბილ გეიტსმა.
შეგახსენებთ, რომ Microsoft-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $3 ტრილიონს აღემატება. ამასთან, Microsoft-ი ერთ-ერთი იყო იმ კომპანიებიდან, რომელთაც დონალდ ტრამპს მხარი დაუჭირეს და საინაუგურაციო ფონდში $1 მილიონი გადარიცხეს. თავად ბილ გეიტსი კი, რომელიც ერთ დროს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი იყო, საკუთარ ქონებას ქველმოქმედებისთვის იყენებს. დღეს, ანტრეპრენიორის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $168 მილიარდად აფასებს.