კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, დუბაიში გამართულ „2025 წლის ლიდერთა სამიტს“ დაესწრო, რომლის ფარგლებშიც, „G20 ფორმატის დისკუსიაში“ მიიღო მონაწილეობა.

დისკუსია ხელოვნური ინტელექტის და 5G ინტერნეტის გამოყენებით მონეტიზაციის შესაძლებლობების გაზრდას, ინკლუზიური სატელეკომუნიკაციო გარემოს შექმნას და ციფრულ სერვისებზე დაფუძნებული ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარების განხილვას მიეძღვნა. შეხვედრის ფარგლებში, ComCom-ის წევრმა საქართველოში ტელეკომუნიკაციების სფეროში არსებული სიახლეები მიმოიხილა და 5G-ის დანერგვისა თუ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, ComCom-ის ძალისხმევას და მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი.

გარდა ამისა, ეკატერინე იმედაძე მონაწილეობდა მრგვალი მაგიდის დისკუსიებში, სადაც განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა მარეგულირებელი უწყებების ხელშემწყობი როლი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ინოვაციური ტელეკომ სერვისების დანერგვაში; 5G ინტერნეტის განვითარების სტრატეგია და ახალი 6G ტექნოლოგიისთვის მზადება; ასევე, მოწინავე ტექნოლოგიებში ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, მოქნილი მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბება.

„2025 წლის ლიდერთა სამიტი“ ასევე დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: მწვანე ტრანსფორმაცია და ენერგოეფექტურობა; რეგიონში ინოვაციების, ეკონომიკური პოტენციალის, ციფრული ინკლუზიისა და მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტში ინვესტიციების წახალისება; ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ტელეკომის მარეგულირებლების დახმარებით, სამთავრობო სექტორში 5G ინფრასტრუქტურის გამოყენება და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მომხმარებელთა კიბერუსაფრთხოების გაძლიერება.

სამიტი, რომელსაც 20 მარეგულირებელი ორგანოსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სამხრეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტელეკომუნიკაციების საბჭოს (SAMENA), ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული მმართველობის მარეგულირებელი ორგანოს (TDRA) მიერ იყო ორგანიზებული და მიზნად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიდერების გაერთიანებასა თუ რეგიონში ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების განხილვას ისახავდა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

არ გამოტოვო