უკრაინისთვის დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში 2026 წლის გაზაფხულამდე არ ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი გერმანიის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემაში აღნიშნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმის თანახმად, უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის პირობა არის ის, რომ ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ასეთი იარაღი, მზად არიან დაუყოვნებლივ დათმონ ის, ხოლო სხვა სახელმწიფოები გადაიხდიან მის საფასურს.
ტრამპის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა საკუთარი სამხედრო მარაგებიდან უნდა დათმონ სისტემები, რის შემდეგაც ჩანაცვლებას მიიღებენ, როდესაც ამერიკული კომპანია RTX Corporation-ი მათ მიწოდების რიგში წინ გადმოსწევს.
აღნიშნულია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად შეიარაღების სწრაფი მიწოდება რთულ ამოცანად იქცა. წყაროების ცნობით, გერმანია Patriot-ის ბატარეას მინიმუმ რვა თვის შემდეგ მიიღებს.