Microsoft-მა კომპანიის ისტორიაში პირველი კვანტური ჩიპი, სახელად Majorana 1 წარადგინა, რაც კვანტური კომპიუტინგის განვითარების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
ჩიპის სახელწოდება Majorana სათავეს მაიორანას ფერმიონისგან იღებს, რაც ჰიპოთეტური კვანტური ნაწილაკია, რომლის არსებობა, თავის დროზე, იტალიელმა ფიზიკოსმა, ეტორე მაიორანამ ივარაუდა. ეს ფერმიონი გამოირჩევა უჩვეულო თვისებებით: ის შეიძლება იყოს როგორც ანტინაწილაკი, ასევე მას შეუძლია განსაკუთრებული როლი შეასრულოს ტოპოლოგიურ კვანტურ გამოთვლებში. Microsoft-ის მიზანიც სწორედ ასეთ ტოპოლოგიურ კვანტურ ქუბიტებზე დაყრდნობაა, რაც, თეორიულად, უფრო მეტი სტაბილურობისა და ნაკლები შეცდომის დაშვების საშუალებას იძლევა.
ტოპოლოგიური ქუბიტები კვანტურ ინჟინერიაში სიახლეს წარმოადგენენ. ისინი განსხვავდებიან ტრადიციული, სუპერგამტარებზე დაფუძნებული ქუბიტებისგან, რადგან ემყარებიან ტოპოლოგიურ სისტემას, რაც მეტ სიზუსტეს იძლევა.
როგორც Microsoft-ში აცხადებენ, ტოპოლოგიური ქუბიტების სტაბილურობამ, შესაძლოა, არსებითად შეამციროს გამოთვლის პროცესში დაშვებული შეცდომების სიხშირე.
აქვე, ორიოდე სიტყვა თავად კვანტურ კომპიუტერზეც უნდა ვთქვათ, რომელიც ბინარული სისტემით არ მოქმედებს, ანუ ის გამოთვლის პროცესში 0-ებს და 1-ებს არ იყენებს, შესაბამისად, მისი გამოთვლითი შესაძლებლობები კოლოსალური მასშტაბებით სცდება სუპერკომპიუტერის შესაძლებლობებს, თუმცა წარმოუდგენელ სიმძლავრესთან ერთად, კვანტურ კომპიუტერს შეცდომების მიმართ მიდრეკილებაც გამოარჩევს, რომლის გამოსწორებას Microsoft-ის გუნდი აქტიურად ცდილობს.
მეცნიერების შეფასებით, კვანტური კომპიუტერი ტექნოლოგიური პროგრესის მორიგი საფეხური იქნება, რომელიც კაცობრიობას აქამდე წარმოუდგენელ გამოთვლით შესაძლებლობებს მისცემს. მაგალითად, ისეთი რთული ამოცანის ამოხსნას, რომელსაც პლანეტის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი საუკუნეებს ანდომებს, კვანტური კომპიუტერი წამის მეასედში ახერხებს.