უკრაინელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის დაახლოებამ, შესაძლოა, ისინი საკუთარი ქვეყნის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებს ჩამოაშოროს. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.

სტატიის თანახმად, მოსკოვი შეუერთდა ვაშინგტონს, რომელიც უკრაინას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ეს კიევის შეშფოთებას იწვევს, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ებრძვის.

გამოცემის მტკიცებით, ინტერესების მოულოდნელი თანხვედრა უკრაინაში შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს ვაშინგტონი და კიევი ომის შეწყვეტის საკითხში ერთმანეთს დააჯახოს.

უქმეებზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგმა განაცხადა: „უმეტეს დემოკრატიებში არჩევნები ომის დროსაც ტარდება. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს კარგია დემოკრატიისთვის. ძლიერი დემოკრატიის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ პოტენციურ კანდიდატზე მეტი არსებობს“.

„მოსკოვმა, სადაც პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კანონიერ ლიდერად არ აღიარებს, კელოგს მხარი დაუჭირა, ხოლო კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „პრეზიდენტ ზელენსკის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა“.

მან თქვა, რომ „უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმაცია“ საჭირო იქნება ნებისმიერი სამშვიდობო პროცესისთვის“, – წერია სტატიაში.

თავის მხრივ, Politico-ს მტკიცებით, კიევში შიშობენ, რომ ამ ეტაპზე ახალი არჩევნების ჩატარება უკრაინის ერთიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

„კელოგის განცხადებები და კრემლის სწრაფი რეაქცია განგაშის მიზეზი გახდა.

უკრაინის ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა, რომელიც ანონიმურობის პირობით ესაუბრა Politico-ს, განაცხადა: „ვაშინგტონისა და მოსკოვის პოზიციების თანხვედრა არჩევნებთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს“ და დაამატა: „მე განვიხილავ ამას, როგორც პირველ მტკიცებულებას იმისა, რომ ტრამპი და პუტინი ეთანხმებიან ერთმანეთს იმაში, რომ ზელენსკი უნდა წავიდეს“, – აღნიშნულია სტატიაში.