ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლს აღარ შეასრულებს მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას ბრიტანული The Telegraph-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებებში თავის მეთოდს ცვლის და „აღარ იფრენს მთელ მსოფლიოში იმისთვის, რომ მოლაპარაკებებში შუამავალი იყოს“.
The Telegraph-ის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიევისთვის შეიარაღების პირველი პარტიის მიწოდების განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახლა კიევმა და მოსკოვმა ომის დასრულების შესახებ კონკრეტული წინადადებები უნდა წარმოადგინონ და კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ერთმანეთს დაელაპარაკონ.
ტრამპი სულ უფრო იმედგაცრუებულია პუტინით. ამერიკულმა დაზვერვამ აჩვენა, რომ ახლა რუსეთის ლიდერი დასუსტებულია, მან თავისი პირვანდელი სამხედრო მიზნები შეცვალა, რათა მიღწეული წარმატება გაამყაროს, – ასკვნის გამოცემა.